„ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ–იარაღი!“ –ილია ჭავჭავაძე
ნატო–ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობის ისტორია
ურთიერთობების ისტორია
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ – კონფლიქტები, ეკონომიკური სტაგნაცია, კორუფცია და უმოქმედო სახელმწიფო ინსტიტუტები – იმ პრობლემათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც 1990-იანი წლების პოსტსაბჭოთა სივრცისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა უმთავრეს პრობლემად მაინც უსაფრთხოების საკითხი რჩებოდა, რაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ზოგმა კვლავ მოსკოვის ორბიტაზე ამჯობინა დარჩენა, ზოგიერთმა კი დასავლეთის მიმართულებით განაგრძო განვითარება. აღნიშნული რესპუბლიკებიდან დღეისათვის დასავლური სამყაროს ნაწილი მხოლოდ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გახდნენ. შესაბამისად, დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა მაგალითი საყურადღებო და იმედისმომცემია.
დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე საქართველომ დასავლური კურსი აირჩია, გამოთქვა რა სურვილი, ეთანამშრომლა ევროკავშირსა და ჩრდილოატლან ტიკურ ალიანსთან, თუმცა ქვეყანაში შექმნილმა უმძიმესმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მდგომარეობამ, ტერიტორიულმა კონფლიქტებმა და სამოქალაქო ომმა შეაფერხა საქართველოს დასავლური განვითარება, შედეგად საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ისე სწრაფად ვერ წარიმართა, როგორც ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში.
საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიზანია უსაფრთხო, დემოკრატიული და სტაბილური გარემოს შექმნა. აღნიშნულის მისაღწევად დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია განისაზღვრა.
ნატო-საქართველოს ურთიერთობას 1992 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც საქართველო შეუერთდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC – North Atlantic Cooperation Council), რომელსაც 1997 წლიდან ეწოდა ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო (EAPC - Euro-Atlantic Partnership Council). თანამშრომლობა გაფართოვდა 1994 წელს, ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის (PfP - Partnership for Peace) პროგრამასთან მიერთებით, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ნატოსა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.
ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში აღსანიშნავია 2002 წელს პრაღაში გამართული ნატოს სამიტი, რომელზეც საქართველოს მეორე პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ პირველად გაახმაურა საქართველოს ნატოში გაწევ რიანების სურვილი.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელს აწერს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას 2004 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც შეიმუშავა ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP – Individual Partnership Action Plan) ეს გულისხმობდა დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას, რომლის ფარგლებში საქართველომ ალიანსის წინაშე კონკრეტული ვალდებულებები აიღო. მართალია, აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენდა ალიანსში გაწევრიანების მექანიზმს, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების წარმატების თვალ საზრისით, IPAP-ის ფარგლებში ალიანსთან თანამშრომლობა დიდ მნიშვნელობას იძენდა. დოკუმენტი ითვალისწინებდა რეფორმების გატარებას მთელ რიგ სფეროებში და მოითხოვდა საქართველოს მთავრობის ერთიან და კოორდინირებულ ძალისხმევას მათი ეფექტიანი განხორციელებისთვის. IPAP-ის შესრულების ყოველწლიური შეფასება ნატოს საერთაშორისო სამსახურს ევალებოდა. 2004-2008 წლებში სულ 5 შეფასება მივიღეთ (4 ოფიციალური და 1 არაოფიციალური). ყველა მათგანი პოზიტიური იყო. საქართველოს ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, 2006 წლის 21 სექტემბრიდან ალიანსმა დაიწყო საქართველოსთან თანამშრომლობა გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური დიალოგის (ID – Intensified Dialogue on Membership Issues) ფარგლებში.
ინტენსიური დიალოგი წარმოადგენდა ნატო-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობის მექანიზმს და მოსამზადებელ ეტაპს, რომელიც დაეხმარებოდა საქართველოს, უკეთ გასცნობოდა ალიანსში გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმებს. ID-ის ფორმატში ნატო-საქართველოს შორის მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, თავდაცვის, სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვის, ეკონომიკურ, მეცნიერების, განათლებისა და სხვა საკითხებზე. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე (2-4 აპრილს) ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ბუქარესტის სამიტის პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება, შეფასდეს ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ და მნიშვნელოვან გზავნილად ნატოში გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნისთვის.
2008 წლის აგვისტოში საქარ თველოს მიმართ რუსეთის აგრესიის შემდეგ მოკავშირეებმა გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოს მთელი რიგი სფეროების რეაბილიტაციაში დასახმარებლად და მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის (NGC - NATO-Georgia Commission) შექმნის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ მექანიზმს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისა და დახმარების პროცესის ზედამხედველობისთვის. ამავე წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC - North Atlantic Council) საქართველოში ორდღიანი ვიზიტის შედეგად (2015 წლის 15-17 სექტემბერი) ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო დოკუმენტს, ხოლო დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავებას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკის პრაქტიკიდან გამომდინარე, წლიურ ეროვნულ პროგრამას ახორციელდება მხოლოდ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში (Membership Action Plan) ჩართული ქვეყნების მიერ, აქედან გამომდინარე, საქართველოს მაგალითი უპრეცედენტოა. წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება ხელს უწყობს ქვეყნის ნატოს სტანდარ ტებთან მაქსიმალურად დაახლოებას. ამჟამად საქართველო ასრულებს წლიური ეროვნული პროგრამის VII ციკლს (2015 წლის მდგომარეობით). უნდა აღინიშნოს, რომ ANP-ის ყველა შეფასება, რომელიც ყოველწლიურია და ალიანსი ზედმიწევნით ყურადღებით ახორციელებს, პოზიტიური იყო.
2011 წლის 7 დეკემბერს ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომლის შედეგად საქართველო მოხსენიებულ იქნა ასპირანტ ქვეყნად მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიასთან ერთად. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია 2012 წელს ჩიკაგოს სამიტზე ქართული მხარის მონაწილეობა ყველა შეხვედრაში (გარდა უშუალოდ ნატოს წევრი სახელმწიფოების შეხვედრისა). ჩიკაგოს სამიტის შემდეგ ნატო-საქართველოს ურთიერთობამ ახალ ეტაპზე გადაინაცვლა; მოხდა საქართველოს დაჯგუფება ასპირანტ ქვეყნებთან, ანუ ბალკანეთის იმ ქვეყნებთან, ვისაც წევრობის აშკარა პერსპექტივები აქვთ (იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო). ამასთანავე, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს, ზოგადად, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხაზგასასმელია, რომ საქართველოში შედგა ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სამი ვიზიტი - 2008, 2011 და 2013 წლებში, რაც საქართველოს მიმართ ალიანსის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დადასტურებაა. 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე საქართველომ მიიღო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (Substantial NATO-Georgia Package/SNGP).
არსებითი შესაძლებლობების პაკეტის მიზანია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება მეტი წვრთნისა და სწავლებების საშუალებით. ეს არის ერთ-ერთი ქმედითი და პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტ ქვეყანას, წევრობისთვის ამზადებს. არსებითი შესაძლებლობების პაკეტის განსახორციელებლად 2015 წლის დასასრულისთვის ნატოს წევრმა და პარტნიორმა 20-მა ქვეყანამ სწორი და საჭირო დახმარება, მათ შორის რესურსებისა და კონსულტაციების მხრივ მხარდაჭერა გაწიეს (რესურსებისა და კონსულტაციების მხრივ).
არსებითი შესაძლებლობების პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე, 13 მიმართულებით: სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა, ავიაცია, საჰაერო თავდაცვა, საზღვაო უსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები, სპეციალური ოპერაციები, სამხედრო პოლიცია, კიბერთავდაცვა, შესყიდვები, დაზვერვა. პაკეტი ასევე ითვალისწინებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებას, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ეფექტიან მუშაობას ადგილზე მრავალეროვნული (როგორც ნატოს წევრი, ასევე პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით) წვრთნისა და სწავლების გზით. არსებითი შესაძლებლობების პაკეტის კომპონენტები იმართება პროექტის მმართველი ჯგუფისა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ექსპერტების მიერ და მასში ჩართულები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები. მას უშუალოდ მართავს ექსპერტთა ძირითადი ჯგუფი, რომელიც განთავსებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და უზრუნველყოფს პროექტების შესაბამისობას, სათანადო კოორდინირებასა და საჭირო რესურსების მობილიზებას.
მნიშვნელოვანია, რომ არსებითი შესაძლებლობების პაკეტის განხორციელებაში თავად ნატო არის ჩართული და მას პირადად ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, უელსში ალიანსის გადაწყვეტილებით, პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივის ფარგლებში (Partnership Interoperability Initiative), საქართველო შვედეთთან, ფინეთთან, ავსტრალიასა და იორდანიასთან ერთად ჩაერთო და გაწევრიანდა თავსებადობის პლატფორმისა (Interoperability Platform) და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების ჯგუფში (Enhanced Oppor - tunity Partners Group). აღნიშნული ფორმატის ფარგლებში საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ნატოს სტრატეგიული მნიშვნელობის დისკუსიებში, გაცვალოს ინფორმაცია ნატოსა და მოკავშირეებთან უსაფრთხოების საკითხებზე, ჩაერთოს ოპერაციების საწყისი ფაზის დაგეგმვაში და ჰყავდეს მეტი წარმომადგენელი ნატოს სტრუქტურებში. ამასთან, საქართველო ჩაერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების ზრდის ინიციატივაში, რომლის მიზანია, გააძლიეროს ნატოს ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან და დაეხმაროს ალიანსს სტაბილურობის უზრუნველყოფაში, მრავალრიცხოვანი საბრძოლო დანაყოფების გამოყენების გარეშე.
უელსში მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რითაც კვლავ გაესვა ხაზი ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას. ამასთანავე, ნატოს კომუნიკეში ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა გაწევრიანების გზაზე ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის. ეს ინსტრუმენტებია: ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მხრივ უმნიშვნელოვანესია 2015 წლის 27 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა. აღნიშნული ცენტრი ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას, ასევე - რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას. წვრთნისა და შეფასების ცენტრით სარგებლობას შეძლებენ არა მარტო საქართველო და ალიანსის წევრი ქვეყნები, არამედ ის ღია იქნება ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვისაც.
ნატოს სამხედრო წვრთნები
2016 წლის აპრილში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში პირველი საერთაშორისო სწავლება გაიმართა. სწავლებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა ლოგისტიკის დოქტრინებისა და კრიზისებზე რეაგირების ოპერაციებში ლოგისტიკის დაგეგმვის პროცედურები შეისწავლეს. მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ინტენსიურად გაიმართება. 2015 წლის პირველ დეკემბერს ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. მინისტერიალმა ალიანსში გაწევრიანებისათვის მონტენეგროს მოლაპარაკებები გაუხსნა, რაც ნიშნავს, რომ ნატო აღმოსავლეთით გაფართოებას განაგრძობს. საქართველოსთან მიმართებაში, ალიანსმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია და საქართველო გახდება ნატოს წევრი. კომუნიკეში ასევე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გასაწევრიანებლად და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის აუცილებელი ნაბიჯი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. მინისტერიალის დოკუმენტში აღინიშნა, რომ ალიანსი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე და ვარშავის სამიტამდე ის განიხილავს ახალ პრაქტიკულ შესაძლებლობებს, მათ შორის, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის საშუალებით და ეფექტიანი თანამშრომლობით, განსაკუთრებით თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში. მომდევნო სამიტი 2016 წლის ივლისში პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში გაიმართება.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий