ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი) -
ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობა მიმართული იყო საქართველოს პოლიტიკისა და კულტურის აღორძინებისკენ. თანამედროვენი მას უწოდებდნენ ბრძენსა და ფილოსოფოსს, რიტორს, "ღირსს ყოვლისა სიკეთისა". თიმურაზ I მისი მხარდაჭერით ცდილობდა კავშირის დამყარებას დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან. სწორედ ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა 1626 წელს ანტისპარსული კოალიციის შქმნის თაობაზე ესპანეთსა და იტალიაში საიდუმლო დიპლომატიური მისიით გაგზავნილ ელჩობას. თეიმურაზ I-ის მიზანი ესპანეთის დახმარებით, ევროპაში "სარკმლის გაჭრა" იყო. საქართველო უნდა შესულიყო ევროპის ერთ–ერთი უძლიერი სახელმწიფოს – ესპანეთის მფარველობის ქვეშ, რის მიღწევაშიც მას რომის პაპი უნდა დახმარებოდა. ქართლ–კახეთის მეფისთვის, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვის წინააღმდეგ იბრძოლებდა იგი ფილიპე IV-ის მხარდამხარ – ირანისა თუ ოსმალეთის. მთავარი იყო, დიდ მაჰმადიანურ ქვეყნებს თანაბარძალოვანი მეტოქე გამოსჩენოდათ ქრისტიანული, თუნდაც კათოლიკური აღმსარებლობის სახელმწიფოს სახით. ანუ საქრთველო გამოვიდოდა იმ ჩიხიდან, რომელშიც ის მოექცა XV-XVI საუკუნეებში, განსაკუთრებით, ირან–ოსმალეთის 1555 წლის ამასიის ზავის შემდეგ. ელჩობას შედეგეი არ მოუტანია, თუმცა ესპანეთის სახელმწიფო საბჭომ 1628 წლის იანვარში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს გადასცა ფილიპე IV-ის წერილი, რომელშიც ის ატყობინებდა თეიმურაზს, რომ სიამოვნებით მიიღო მისი წინადადება ესპანეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესახებ.
1628 წლის ზაფხულში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი რომში ჩავიდა. აქ მან ოფიციალურად აღიარა კათოლიკური სარწმუნოება და "კათოლიკედ მიღების ცერემონიაც" შეასრულა. პაპმა ურბან VIII-ემ მამობრივი სიყვარულით მიიღო, თეიმურაზს ალექრსით სავსე წერილი გაუგზავნა და შემწეობის აღმოჩენას დაჰპირდა.
სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში -
სულხან-საბა ორბელიანის ჩანაწერების მიხედვით, დადგენილია მისი მოგზაურობის მარშრუტი: კონსტანტინოპოლი–მარსელი–პარიზი–რომი, აგრეთვე იტალიის სხვა ქალაქები.
"სულხან-საბა ორბელიანმა ევროპაში თავისი მოგზაურობით, რომელიც 1713 წელს დაიწყო, გარეშე მტრებისაგან დიდად შეჭირვებული საქართველოსთვის დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭრის მოპოვებას ცდილობდა. ამ მიზნით იგი რამდენჯერმე შეხვდა რომის პაპს, კლემენტე XI-ს, საფრანგეთის მეფეს, ლუდოვიკო XIV-ს და იმდროინდელი დასავლეთის სხვა სახელმწიფო თუ სასულიერო მოღვაწეებს.
სულხან-საბას ევროპული მისია საქართველოს დასავლური ორიენტაციის, მისი პრაქტიკული გამოვლინების ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრაცია იყო. სამწუხაროდ, მაშინ თავის პრობლემებში ჩაფლულმა ევროპამ საქართველოსთვის ვერ მოიცალა და სულხან-საბა ორბელიანი ვახტანგ VI-სთან ერთად იძულებული გახდა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზები ეძებნა. თავისი ევროპული მოგზაურობა სულხან-საბა ორბელიანმა დაწვრილებით აღწერა დღიურების სახით, რომელიც ქართული მწერლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს. დღიურების პირველი ნაწილი, სამწუხაროდ, დაკარგულია და ჩვენამდე მოღწეული ტექსტი საფრანგეთიდან იტალიაში გადასვლით იწყება"
„სულხან-საბა ორბელიანის მისია - ეს იყო ხაზგასმა, დეკლარაცია საქართველოს ევროპული მისწრაფებების, მისი ორიენტაციის, არჩევანის. მართალია, ეს არჩევანი იყო ელიტის, სამეფო კარის, მაგრამ სხვა არჩევანის საშუალება მაშინ არც არსებობდა. სამწუხაროდ, სულხან-საბას მცდელობა, ვახტანგ მეექვსის მცდელობა მაშინ წარმატებით ვერ დასრულდა, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება საქართველოსა და ევროპის ურთიერთობაში, აშკარაა, რომ დაიწყო მაშინ“.
ზვიად გამსახურდია: რას ნიშნავს დასავლური ორიენტაცია?
"ახლა კარგად გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს დასავლური ორიენტაცია. ზოგს ეს ჰგონია დასავლეთის
პორნოგრაფიული და სადისტური ფილმების კულტი, განგსტერების ჰეროიკა, მოდების წამხედურობა,
ხელგაშლილი დგომა კრედიტების მოლოდინში, საეჭვო გარიგებები პოლიტიკურ ავანტიურისტებთან და
მათთან კავშირში ეროვნული სიმდიდრის განიავება, ასეთ დასავლურ ორიენტაციას ვგმობთ ჩვენ.
ამასთან დასავლეთის კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, პოლიტიკური ნააზრევი, ფილოსოფია,
სოციალური და სამართლებრივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის, რომ. ჩვენი თვალსაზრისით
ამის ათვისება და გათავისება, დასავლური, ღია დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის
დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ."
Комментариев нет:
Отправить комментарий